თბილისის საკრებულოში მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ერთი წლის ანგარიში განიხილეს
თბილისის საკრებულოში მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ერთი წლის ანგარიში განიხილეს
Oct 23, 2020
თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა ააიპ “მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის” 2020 წლის ანგარიში და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
ანგარიში, რომელიც სასახლის დირექტორმა, თინათინ რუხაძემ წარადგინა, ეხებოდა პედაგოგებისა და აღსაზრდელებისთვის პანდემიის პირობებში, უსაფრთხო სასაწავლო გარემოს შექმნის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს, სასწავლო სივრცეების შესაბამის აღჭურვასა და დისტანციური სწავლების გაძლიერებას, აგრეთვე მოსწავლეთა რეგისტრაციის ელექტრონული პლატფორმის დანერგვას.
თინათინ რუხაძის თქმით, მიუხედავად პანდემიისა, ეროვნულმა სასახლემ 2020 წელს 150-მდე ღონისძიება ჩაატარა, მათ შორის, თბილისის მერიისა და საკრებულოს მიერ მხარდაჭერილი რამდენიმე წარმატებული პროექტიც დაასახელა, როგორიცაა საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისა და კულტურისა და განათლების ფონდის მიერ 2018 წელს დაარსდა.
კინოფესტივალი საქართველოდან ევროპის საბავშვო ფილმების ასოციაციის (European Children’s Film Association) ერთადერთი წევრი და ევროპული კინოაკადემიის „ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდოს“ ქართველი პარტნიორია.
თინათინ რუხაძემ დეპუტატებს ასევე, ინფორმაცია მიაწოდა იმ მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ, რომელიც სასახლეს, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, უტარდება და პროცესი პანდემიის მიუხედავად არ შეფერხებულა. მისი თქმით, ეროვნული სასახლის მე-2 და მე-3 ნაწილის სრული რეაბილიტაცია დაწყებულია და სასახლის მთავარი შენობის გამაგრებითი გარე სამუშაოები მიმდინარეობს.
გაერთიანებული სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, რომლის დასრულების შემდეგაც დეპუტატებმა წარმოდგენილი და განხილული ანგარიში ცნობის სახით მიიღეს.