ერთობლივი ძალით პლასტმასით დაბინძურების წინააღმდეგ
ერთობლივი ძალით პლასტმასით დაბინძურების წინააღმდეგ
May 25, 2021
25 მაისს, ეროვნული სასახლის „თბილისის ახალგაზრდული კლუბის“ ინიციატივით გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე „ერთობლივი ძალით პლასტმასით დაბინძურების წინააღმდეგ“.
შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურების, ქ. თბილისის მერიის და საკრებულოს თანამშრომლები გარემოს დაცვის მიმართულებით, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
„თბილისის ახალგაზრდული კლუბი“ რომელიც სამოქალაქო განათლების დონის ამაღლებით ცდილობს ხელი შეუწყოს მოზარდებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციას და პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებას, ახორციელებს პროექტს – „ახალგაზრდები პლასტმასის წინააღმდეგ“, რომლის მიზანიც საზოგადოებაში პლასტმასით დაბინძურების შედეგების სათანადო გაცნობიერების და ნარჩენების გადამუშავების წახალისებისთვის ხელშეწყობაა. ამისთვის, კლუბის წევრები, რომელთა ასაკი 14-დან 18 წლამდეა, სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებენ, მათ შორის, აღნიშნული შეხვედრაც მნიშვნელოვნად გააღრმავებს საკითხით დაინტერესებული მხარეების ურთიერთთანამშრობლობას და ერთობლივი ინიციატივების ჩამოყალიბებას.
შეხვედრაზე მოწვეული სტუმრები გაეცნენ გარემოს დაცვის მხრივ „თბილისის ახალგაზრდული კლუბის“ მიერ გაწეულ საქმიანობას, ამ საკითხში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის საერთაშორისო გამოცდილებასა და ნარჩენების გადამუშავების ხელშეწყობის იდეებს.
ღონისძიების დასასრულს, კლუბის წევრებთან ერთად დაისახა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები, თუ რა შეიძლება გაკეთდეს პლასტმასით დაბინძურების შემცირებისა და გადამუშავების ხელშეწყობისთვის.